logo
ENG



ლუკაშენკო: ვერ ეღირსებით, რომ ზეწოლით რაიმე გავაკეთო, ხელახალი არჩევნები არ იქნება [ვიდეო]

17 აგვ 202012:56
3 წუთის საკითხავი
 
1wqo76wylbrww1t.jpg

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები აღარ იქნება და ზეწოლით მას ვერაფერს აიძულებენ. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასე ადგილობრივი საწარმოს თანამშრომლებს მიმართა. პრეზიდენტის კომენტარს სახელმწიფო სააგენტო ბელტა ავრცელებს. 

"ბელარუსში არჩევნები ჩატარდა და სხვა არჩევნები არ იქნება. ვერასდროს ეღირსებით ჩემგან, რომ ზეწოლის ქვეშ რაიმე გავაკეთო. ის [არჩევნები] არ იქნება იმიტომ, რომ არ იქნება არც МЗКТ-ს, არც МАЗ-სა და არც БЕЛАЗ-ის ქარხნები, ნახევარ წელიწადში ყველაფერს გავანადგურებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ, დამსწრე საწარმოს თანამშრომლები კი სკანდირებდნენ "წადი". ამის პასუხად ლუკაშენკომ მათ უთხრა: "შეგიძლიათ, ისევ იყვიროთ".

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.
ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.

 


close დახურვა